"ევროკავშირი შეაფასებს შედეგს და არა საკანონმდებლო აქტს" - ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების უგულებელყოფაა.
დღეს პარლამენტის მიერ ამ კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრა არის, კიდევ ერთხელ უგულებელყოფა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, რეკომენდაციებისა და კიდევ ერთი მცდელობა, რომ სწორედ საკანონმდებლო და უმრავლესობის ძალმომრეობით გადაწყვიტოს ეს საკითხი, მათ სასარგებლოდ. შემოთავაზებული ვერსია, რომ მთავრობამ მოახდინოს ოლიგარქების რეესტრის წარმოება, მაშინ როდესაც მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებს, აბსოლუტურად გაუგებარი და ულოგიკო რჩება“.- ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტს, რადგან ევროკავშირი დამდგარ შედეგს შეაფასებს და არა კანონპროექტს.
ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს მიმართ არის ის, რომ არაკონსტიტუციური, ჩრდილოვანი, კულისებიდან მართვა დასრულდება. ეს უნდა იყოს შედეგი. ევროკავშირი არ შეაფასებს საკანონმდებლო აქტი არის თუ არა მიღებული. ევროკავშირი შეაფასებს შედეგი დადგა თუ არა“. - ამბობს ანა ნაცვლიშვილი
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღებამდე, აქტი ჯერ ვენეციის კომისიისთვის შესაფასებლად გადაეგზავა.
თუმცა, მმართველი გუნდი არ აპირებს დასავლელი პარტნიორის მოწოდების გათვალისწინებას და გეგმავს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღოს.