მივმართავთ უნგრეთის პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა თქვენი პრემიერის წინააღმდეგ - შალვა ნათელაშვილი
დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა თქვენი პრემიერის, ორბანის, წინააღმდეგ - ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი უნგრეთის პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, შეცვალოს ქვეყნის პრორუსი ხელისუფლება, რომელიც უკრაინაში სისხლისმღვრელ ომს უწყობს ხელს და ასევე ცდილობს, პროპუტინისტი ოლიგარქი ივანიშვილი სანქცირებას გადაარჩინოს.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამის დადასტურება იყო უნგრეთის პრემიერის მიერ დანიშნული ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის, საქართველოში ვიზიტი და მისი მხრიდან ,,ოცნების" ქება-დიდება.
კრემლმა აამუშავა მაშველი რგოლები, რათა გადაარჩინოს პროპუტინისტი ოლიგარქი ივანიშვილი გარდაუვალ სანქცირებას. ამ საქმეში კი ჩართო თავისი ერთგული მეკავშირე, უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომლის მიერ დანიშნული ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გუშინ ჩამოვიდა ვიზიტით ივანიშვილის რეჟიმისთვის ქება-დიდების აღსავლენად, რითაც შეეცადა, გარკვეულწილად დაამუხრუჭოს სანქცირების გარდაუვალი პროცესი.
ივანიშვილის სანქცირება უეჭველად დადგება და ვერანაირი კრემლისტური ლობი ამ პიროვნებას გარდაუვალი სასჯელისგან ვერ გადაარჩენს.
უდიდეს პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს, ქართველი და უნგრელი ხალხის მეგობრობა ხანგძლივია და ოქროს ფურცლებითაა შევსებული, მაგრამ იმ პროცესის მოთმენა, რასაც ვხედავთ მათი პრემიერისგან, დაუშვებელია და ჩვენ აუცილებლად აღვკვეთავთ ლობისტობას, საქართველოს დამანგრევლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებს.
მივმართავთ უნგრეთის 199 დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა თქვენი პრემიერ ორბანის წინააღმდეგ, რადგან ამ პიროვნების საქმიანობა სახელს უტეხს უნგრეთის იმიჯს და ემსახურება პუტინის ინტერესებს, ასევე ემსახურება უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიაზიტით გუშინ იმყოფებოდა. ის ჩვენი ქვეყნის პრემიერს, პრეზიდენტს, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.