მიხეილ სააკაშვილის საქმე - პოლიტიკურ ლიდერებს, სავარაუდოდ, სასამართლოში დაიბარებენ

17.11.22 17:08
მიხეილ სააკაშვილის საქმე - პოლიტიკურ ლიდერებს, სავარაუდოდ, სასამართლოში დაიბარებენ

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პოლიტიკურ ლიდერებს სავარაუდოდ,  დაკითხვაზე დაიბარებენ.

ეს იმაზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას. 

„პირველებისთის“ ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეზე სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენებების მიცემა, დიდი ალბათობით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, მოქმედ პოლიტიკოსს, ნინო ბურჯანაძეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს მოუწევთ.

აპირებს თუ არა სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისვლას ირაკლი ოქრუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი "პირველებთან" ამბობს, რომ ისე მოქიცევა, როგორც კანონი ამბობს.

კითხვაზე, აქვს თუ არა რაიმე ახალი აღნიშნულ საქმეზე სათქმელი ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ის ამბობს, რომ არაფერი სათქმელი არ აქვს.

„პირველებმა“ ოქრუაშვილს ასევე მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით ვკითხეთ, თუმცა ყოფილმა ძალოვანმა  პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ეს თემა მისთვის საინტერესო არ არის.

„საერთოდ არაფერს არ ვფიქრობ ამ თემაზე. ინფორმაცია არ მაქვს. მსგავსი საკითხით არ დავინტერესებულვარ არასდროს.“ - ამბობს ოქრუაშვილი.

ზურაბ ნოღაიდელმა "პირველებთან" კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ისურვა.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მან "პირველებს" განუცხადა, რომ თუ მოწმის სახით სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე დაიბარებენ, ის აუცილებლად მივა. ,,დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე არაფერს ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტს ნორმალური მკურნალობის საშუალება უნდა მისცენ.

თუ დამიბარებენ სასამართლოში, მივალ აბა, რას ვიზამ. სასჯელის გადავადებაზე მე არაფერი მითქვამს, მე ვთქვი, რომ მას ნორმალური მკურნალობის საშუალება უნდა მისცენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ქვეყნის ნომერ პირველი პატიმრისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, სასამართლომ მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, არ გამორიცხავს, რომ სწორედ ვარდების რევოლუციის დღეს, 23 ნოემბერს, შეიტანოს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში. 

"პირველების" ინფორმაციით, მინიმუმ 5 პროცესი მაინც გაიმართება, სადაც იმსჯელებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და დაიკითხებიან ის მედიკოსები და ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში.

მსგავსი სიახლეები