"უცნაური აჯაფსანდალი..." - სარჯველაძისთვის გაუგებარია, რა პასუხებს მოითხოვს ოპოზიცია ღარიბაშვილისგან

18.11.22 11:45
"უცნაური აჯაფსანდალი..." - სარჯველაძისთვის გაუგებარია, რა პასუხებს მოითხოვს ოპოზიცია ღარიბაშვილისგან

ევროკომისრის მკაცრი მესიჯების, ამერიკელი სენატორების თითის კაკუნით ნათქვამისა და ევროპარლამენტის მორიგი მწვავე რეზოლუციის შემდეგ, მთავრობის მეთაურს პარლამენტში მწვავე კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ელოდება.

მმართველი გუნდისთვის კი გაუგებარია, რა პასუხების გაცემას მოითხოვს ოპოზიცია პრემიერ ღარიბაშვილისგან.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ 12 პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებელი პარლამენტია, რომელში საქმიანობაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა, ამიტომაც „ოცნების“ წევრი „უცნაურ აჯაფსანდალს“ უწოდებს ოპოზიციის მოთხოვნას.

„პრემიერ-მინისტრისგან პასუხების მოსმენა, ვინც ეს მოითხოვა, ის ხალხი პარლამენტში მოღვაწეობენ და პარლამენტში ამ ტიპის საქმიანობაზე უარი განაცხადეს. ცოტა უცნაური ვითარებაა მართლაც იმიტომ, რომ თვითონ მოეთხოვებათ ნაბიჯების გადადგმა 12 პუნქტის ფარგლებში და ისინი სთხოვენ პრემიერს, მაშინ, როცა ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პარლამენტია. მოკლედ, უცნაური აჯაფსანდალი შეიძლება დავარქვათ, ამ შემთხვევაში იმ მოთხოვნას, რომელიც ინტერპრეტაციის სახით არის ჩამოყალიბებული“,- ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ერთ საათში ელოდებიან.


 

მსგავსი სიახლეები