თქვენი არჩევანი არის რუსეთის მონობის და ლაჩრობის არჩევანი - ვაშაძე "ოცნებას"
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდრემა გიორგი ვაშაძემ პირდაპირ უთხრა მმართველ გუნდს, რომ მათ მოღალატეობრივი და ლაჩრული არჩევანი გააკეთეს.
ვაშაძის გამოსვლას სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის წევრებმა პროტესტი მაგიდებზე მუშტების ბრახუნით გამოხატეს.
ჩვენი არჩევანი არის ძლიერი საქართველოს არჩევანი, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აქვს. თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, თქვენი არჩევანი არის ლაჩრობის არჩევანი. თქვენი არჩევანი არის საქართველოს არჩევანი, რომელიც გინდათ დაიმორჩილოთ, დაამონოთ, მაგრამ ამას ვერასდროს ეღირსებით იმიტომ, რომ ქართული, ევროპული გენეტიკა ამ გზიდან გადახვევის შესაძლებლობას არ მოგცემთ, რაც არ უნდა დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოთ.
24 თებერვალს ტერორისტული რუსული სახელმწიფოს მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შედეგად ჩვენ, აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. უკრაინელი ხალხის გმირობისა და გამბედაობის, სიმამაციდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში, სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს ისტორიის ათვლის ახალი ეტაპი.
დიახ, 24 თებერვალს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინას გულშემატკივრობდა, სამწუხაროდ, თქვენი მოღალატეობრივი ქმედების შედეგად აჩვენებდით, რომ საქართველო თითქოს არ გულშემატკივრობდა მას. სწორედ 24 თებერვლის შედეგად თქვენ დაიწყეთ მტკიცება, რომ არანაირი დაჩქარებული პროცესი ევროკავშირში გაწევრიანებისა არ არსებობს. ჩვენ და რაც მთავარია, ათობით ათასი ქართველი ხალხი შეიკრიბა რუსთაველზე და თქვენ მოგიწიათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. მინდა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებიც ჩვენი სახელით დღეს, უკრაინაში იბრძვიან“, - განაცხადა ვაშაძემ.