ტერაქტის მომზადების საქმე - დაკავებულთაგან ორი ბრალდებული პატრიარქის ნათლულია
ტერაქტის მომზადების საქმე - იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე ამ დროისთვის, სულ სამი ადამიანია დაკავებული. აქედან ორი ფერეიდნელი ქართველია. ორივე საქართველოში დაახლოებით 15 წლის წინ ჩამოვიდა და ორივე პატრიარქის ნათლულია.
საუბარია, თბილისში მცხოვრებ საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებსაც გამოძიება 38 წლის ამირ ხანის თანამზრახველებად ასახელებს.
გამოძიება ირწმუნება, რომ ეს პირები დაქირავებულ მკვლელს იარაღით ამარაგებდნენ და საბრძოლო მასალას სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ტოვებდნენ.
რა როლი ჰქონდათ ფერეიდნელ ქართველებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თარჯიმანს ტერაქტის საქმეში და არიან თუ არა ისინი სწორედ ის ნიღბიანი პირები ვინც ნაქირავებ ბინაში ქილერს იარაღი მიუტანა? - ეს კითხვა "შაბათის ეთერმა" დაკავებულთა ადვოკატებს დაუსვა, მათი მტკიცებით, საქმის გარემოებები სუსს უბრალოდ დადგენილი არ აქვს.
იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება 15 ნოემბერს გაავრცელა.
მათი თქმით, უწყებამ თბილისში ისრაელის მოქალაქის მოკვლის გეგმა აღკვეთა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაკავებული ქილერი, ამირ ხანი ჩვენებაში დამკვეთად ირანის მოქალაქეს, სუფიანს ასახელებს.