"სკანდალური, საგანგაშო ამბავი" - ოპოზიცია "ოცნების" სანქცირებულ ირანთან თანამშრომლობაზე საუბრობს
ოპოზიციის ნაწილი საგანგაშოს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მხარი არ დაეჭირათ გაეროში რეზოლუციისთვის, რომელიც ირანში ადამიანის უფლებების მასობრივ ხელყოფას გმობდა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, იმ ფონზე, როდესაც ირანს საქართველოს გავლით შეაქვს უპილოტო საფრენი აპარატები, გადააქვს სანქცირებული ტვირთი ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს სანქცირებულ ირანთან.
„როდესაც ჩვენი ქვეყნის გავლით ხდება, დიდი ალბათობით, მიწოდება ჩვენი მტრისადმი იარაღის, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, ანუ ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ეს არის სკანდალური, საგანგაშო ამბავი“. - ამბობს გიგა ბოკერია.
ხელისუფლების ირანთან თანამშრომლობაზე საუბრობს „სტრატეგიული აღმაშენებლის“ ლიდერიც. გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ფაქტობრივად რუსეთთან თანამშრომლობა, რადგან რუსთ-უკრაინის ომში ირანი არის რუსეთისკენ.
„თანამედროვე სამყაროში ძალიან კონკრეტულად არის, ყველა ქვეყანა ირჩევს ვინ ვის გვერდში დგას და ვინ ვის იცავს. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ საქართველომ აირჩია რუსეთის მხარე, იმიტომ, რომ ირანი არის რუსეთისკენ. შესაბამისად, როდესაც შენ ირჩევ რუსეთის მხარეს, შენ ხარ საქართველოს ეროვნული ინტერესების მოღალატე". - ამბობს ვაშაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კახაბერ ქემოკლიძე კი ქვეყნისთვის მოსალოდნელ გამოუსწორებელი ზარალზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის აღნიშული გადაწყვეტილება ძალიან სერიოზულ შეცდომაა.
„გეოპლიტიკური კონტექსტის ვერ და არ გთვალისწინებას უფრო მიანიშნებს, ვიდრე იმას, რომ ისინი გარკვეულწილად სხვადასხვა საფრთხეებს აზღვევდნენ, რომელიც პოტენციურად შეიძლება მოდიოდეს ამ რეზოულიციასთან შეერთების შემდეგ. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ უშვებს ძალიან სერიოზულ შეცდომას იმ კონტექსტში, რომ ის შეიძლება მთლიანად ასცდეს დასავლეთისკენ სვლის სწორ ტრაექტორიას“. - ამბობს ქემოკლიძე.
საქართველოს ხელისუფლებამ ირანში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა და კიდევ ერთხელ არ დადგა ცივილიზებული სამყაროს მხარეს.
რამდენიმე დღის წინ, გაეროში დამტკიცდა რეზოლუცია, სადაც გაკეთდა ჩანაწერი, რომ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს ბოლო ორი თვის განმავლობაში ირანში 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 60-მდე ბავშვია. კენჭისყრის დროს კი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა დარბაზი დატოვა და მასში მონაწილეობა არ მიიღო.