საქართველო ვერ დაუშვებს მეორე არას - პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე
"საქართველო ვერ დაუშვებს მეორე არას, რადგანაც ეს მცდარი გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რომ უცებ საქართველო ნაცრისფერი ზონა გახდა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემა Hard Talk-ის ჟურნალისტთან, ზეინაბ ბადავისთან ინტერვიუში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების საკითხე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო "ძალიან მკაფიონი უნდა იყოს".
"სიცხადე ჩვენი საუკეთესო დაცვაა“, - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ბოლოდროინდელმა მდგომარეობამ ევროკავშირის რეკომენდაციებთან და შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით პირობები სტატუსის მინიჭებისთვის არ უზრუნველყო.
გადამწყვეტია, რომ 2023 წელს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რაც არ გულისხმობს წევრობას. ჩვენ სხვა კრიტერიუმები, მეტი რამ გვექნება შესასრულებელი, მეტი რეფორმა განსახორციელებელი, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო იმ [ასოცირებული] ტრიოს ნაწილია, რომელიც ჩვენ შევქმენით და არა რაიმე ცალკე აღებული, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა რუსული თამაშებისთვის.
მე ვიტყოდი, რომ დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურად კრიტერიუმებს ეფუძნებოდეს, არ ვამბობ, რომ დემოკრატიული რეფორმები გვერდზე უნდა გადავდოთ, რომ ისინი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია სტრატეგიული საკითხი და რისკები, რომ რუსეთს საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილი გავუგზავნოთ“,- აღნიშნა მან.