უკრაინამ ვენეციის კომისიიდან დეოლიგარქიზაციის კანონი გამოიწვია - "ოცნებაში" სრული დაბნეულობაა
უკრაინის მიერ ვენეციის კომისიიდან დელიგარქიზაციის შესახებ კანონის გამოწვევამ "ქართულ ოცნებაში" სრული გაურკვევლობა გამოიწვია. ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, თუკი ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ კანონპპეროქტს ვენეციის კომისიაში იმის გამო არ აგზავნიდა, რომ ის უკრაინის ანალოგია, ახლა ეს არგუმენტი აღარ არსებობს.
მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მომხდარის მიზეზებით დაინტერესდებიან და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
პირველად გვესმის, რომ აღნიშნული ინიციატივის გამოწვევა მოხდა. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს არც პირადად, არც საჯარო საუბრებში ეს არ განუცხადებია და ჩვენ ამას ვიგებთ აშშ-ს ელჩისგან. ცხადია, ჩვენ დავინტერესდებით თუკი ასე მოხდა, იმ მიზეზებით, რის საფუძველზეც მოხდა კანონის გამოწვევა და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მორიგი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სხვა მხრივ, შეგასხსენებთ, რომ რეკომენდაციების პაკეტში საქართველოსგან განსხვავებით უკრაინას ევროკომისიამ პირდაპირ ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა, - ამბობს იონათამიშვილი.
სახელისუფლებო გუნდის კიდევ ერთი წევრი გიორგი ამილახვარი კი ფიქრობს, რომ ადგილი ინფორმაციის უზუსტობას აქვს. მისი თქმით, უკრაინამ არა კანონი, არამედ, სავარაუდოდ, დასკვნა გამოიწვია.
პირველ რიგში, უნდა გავერკვიოთ ამ ვითარებაში. კანონის გამოწვევა, ვფიქრობ, არ არის სწორი საკითხი. კანონი ვერ იქნებოდა გამოწვეული. ალბათ აქ ლაპარაკია დასკვნის გამოწვევაზე. ევრკავშირმა პირდაპირ ჩაგვიწერა ამ პუნქტის შესრულების დროს, რომ დასკვნა უნდა იყოს ვენეციის კომისიისგან, შესაბამისად, ახლა ცოტა გაუგებარი სიტუაციაა, რას ნიშნავს, როდესაც ერთის მხრივ ვამბობთ, რომ უკრაინის კანონზე გამოწვეულია კანონი. მე ვფიქრობ, ეს მცდარი ინფორმაციაა. ალბათ აქ დასკვნაზეა საუბარი და ეს რა კავშირში შეიძლება იყოს ქართულ მოდელთან, - ამბობს გიორგი ამილახვარი.
აშშ-ს ელჩმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ დელიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიისგან უკან გაიწვია.