,,ოცნება" კუთხეშია და ცდილობს, დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაში არ გააგზავნოს - პაატა მანჯგალაძე
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ,,ოცნებას" არ სურს, ევროპულმა უმაღლესმა სამართლებრივმა ინსტიტუტებმა იმსჯელონ ქართულ სინამდვილეში დეოლიგარქიზაციასა და თავად ბიძინა ივანიშვილის შესახებ. ამიტომაც არ ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორების რჩევებს და პროექტს ვენეციის კომისიაში არ აგზავნის.
ქვეყნის მთავარი გადასალახი პრობლემა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, თუმცა, ,,ოცნება" ცდილობს მის დაცვას და ამიტომაც არ აგზავნის დეოლიგარქიზაციის კანონს განსახილველად ვენეციის კომისიაში - მიაჩნიათ ხელისუფლების ოპონენტებს.
მაშინ, როცა უკრაინული კანონი აბსოლუტურად სხვა გარემოშია მიღებული და სხვა საკითხებს არეგულირებს, საქართველოში ოლიგარქია სახეზეა და ხელისუფლებაშია, ამიტომ იგივე კანონით იგივე შედეგი არ მიიღწევა. ამიტომ არ სურდა ხელისუფლებას, ეს კანონი გაეგზავნა ვენეციის კომისიაში და ადვილად გამომძვრალიყვნენ.
,,ქართული ოცნება" ახლა არის კუთხეში, შეეცდება, რამე მიზეზი იპოვოს, თუ ეს რამენაირად არის შესაძლებელი, არ გააგზავნოს ვენეციის კომისიაში, რადგან მსჯელობის დაწყება საქართველოში ოლიგარქიასთან დაკავშირებით მის ინტერესებში არ შედის. - ამბობს პაატა მანჯგალაძე.