ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრა გაიმართება
,,პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გაიმართება, სადაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები, გიული ალასანია, ედუარდ სააკაშვილი, ასევე ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, მიიღებენ. ისინი ევროპელ პოლიტიკოსებს მოუყვებიან, როგორია საქართველოს ყოფილი მთავარსარდლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააცნობენ ცენტრ ,,ემპათიას" დასკვნას მიხეილ საკაშვილის შესახებ, რომელსაც ხელს 16 დამოუკიდებელი და კომპეტენტური ექსპერტი აწერს.
ბრიუსელში შეხვედრა დაგეგმილია ევროპარლამენტარების ინიციატივით. სათქმელი ძალიან ბევრია. ეს შეეხება სააკაშვილის პატიმრობას, მკურნალობის საკითხს, მის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე სხვა საკითხებსაც, რომელთა გაჟღერებისგან თავს შევიკავებ.
შეხვედრაზე წარვადგენთ ექსპერტიზის დასკვნას და ადვოკატების მიერ მოპოვებულ არაერთ მტკიცებულებას, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდთან, მის ჯანმრთელობასა და მასთან მოქცევის წესებთან - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.