ნიკა გვარამიას საქმე - მიშელის კაბინეტმა მედიაკოალიციას პასუხი გამოუგზავნა
შარლ მიშელის პასუხი ქართველ მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თვალს ადევნებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლოს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით.
მედიაკომპანიებსა და NGO-ებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე კითხვები გაჩნდა.
შარლ მიშელი წერს, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს:
ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.
გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს", - აღნიშნულია წერილში.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს წერილი 7 ნოემბერს გაუგზავნეს.
ავტორები მიშელს სთხოვდნენ, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდოს.
ოფიციალურ წერილზე ხელმომწერები შარლ მიშელს უხსნიან, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები კი უსაფუძვლოა.