"ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის ეშინია და მის ჩამოსვლას არ დაუშვებს - დავით კირკიტაძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვას, სადაც ის საქართველოში ჩამოსვლის უფლებას ითხოვს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით კირკიტაძე, სააკაშვილის ჩამოსვლას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან მისი ეშინია.
600 ათასამდე ამომრჩეველმა ისურვა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და და ქვეყანაში შემოსვლის უფლება ჰქონოდა. ეს საკითხი დაყენებულიც არის და მოთხოვნილიც იმ 600 ათასი ადამიანის მიერ. თუმაცა ძალიან ვეჭვობ, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის, მასთან თავისუფალი კონკურენაციაში შესვლის და ძალიან ვეჭვობ, რომ ამაზე დათანხმდნენ, - ამბობს კირკიტაძე.
„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აღიარებს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც მისი დაბრუნება სურთ.
მიუხედავად იმისა, რომ მე არასდროს ვხედავდი მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებულ საჭიროებას ქართულ პოლიტიკაში, საქართველოში არსებობენ ადამიანები,რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ უნდა იყოს, მათ გვერდით. თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილის აქ არ არის დიდი ხანია. ის ხშირად იმუქრება ჩამოვდივარო, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ჩამოსულა. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დაამთავრებს ჩხუბს, კონფლიქტს, დაპირისპირებას, მე ვერ ვხედავ გზას, როგორ შეიძლება ის საქართველოში ჩამოვიდეს გარდა იმ გზებისა, რომელსაც თვითონ ასახელებს, მაგრამ ხომ იცით, რომ მერე არ ასრულებს, - ამბობს ხვიჩია.