რა შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი - ზურაბიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
რა შემთხვევაში უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკითხზე დღეს პირვალად გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს".
მისი თქმით, დასკვნა სამედიცინო ექსპერტებმა უნდა დადონ, სასამართლომ კი უნდა დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია.
ამასთან, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია"
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მე ყოველდღიურად დიდ ყურადღებას ვაქცევ. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისა და ჩვენი ღირსებისთვის.
ჩემი ადმინისტრაციიდან „ემპათიის“ თუ სხვა კონსილიუმს რეგულარულად ხვდებიან. დღესაცაა ჩანიშნული მსგავსი შეხვედრა.
მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ, საზღვარგარეთაც მითქვამს. დახურულ შეხვედრებზეც, რომ სწორი გზა არის, თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია და არც ვარ ექსპერტი, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ და დასკვნა უნდა წარუდგინონ სასამართლოს და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას – ერთი, ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანრმთელობა და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამის სურვილი მაქვს რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს და ეს არის ვექილების ვალდებულება ალბათ, რომ შეიტანონ სასამართლოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.