მაღალი დონის კორუფცია: ხიდაშელისთვის რაჭის ტყის გადაცემით საქართველომ 2 მილიონზე მეტი შემოსავალი დაკარგა
მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა" მორიგ ხმაურიან კვლევას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს;
TI- ის ანგარიშის თანახმად, ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება.
ირკვევა, რომ „კარტოგრაფების საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელის სასარგებლოდ იმგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მოუტანა“
უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მეგობარისთვის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემის გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი დაკარგა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49-წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
„რაჭის შემთხვევაში, საუბარი იყო მინიმუმ 46,972 ჰექტარზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,113,740 აშშ დოლარი, და მაქსიმუმ – 65,761 ჰექტარ ტერიტორიაზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,959,245 აშშ დოლარი. დაფინანსება დაცული ტერიტორიის შექმნიდან პირველი 5 წლის განმავლობაში გამოიყოფა და ხმარდება ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების ანაზღაურების დაფარვას"- წერია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ 18 ივლისს, დავით ხიდაშელთან გარიგების შესახებ საგამოძიებო სიუჟეტის ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასვლიდან 2 დღეში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ რაჭაში 50,894 ჰექტარზე შეიქმნებოდა დაცული ტერიტორია. ამ ზომის დაცული ტერიტორია CNF-ისგან 2,290,230 აშშ დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.
თუმცა, რჩება 14,867 ჰექტარი, რაზეც დამატებით შეიძლებოდა დაცული ტერიტორიის გავრცელება, რა შემთხვევაშიც დაფინანსება 619,757 აშშ დოლარით, ანუ დაახლოებით 2,057,593 ლარით გაიზრდებოდა"- ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორია დავით ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობის ნაწილი იქნება, რაშიც ის 13-ჯერ უფრო ნაკლებს გადაიხდის“.