ფარსია ყველაფერი, "ოცნების" სახელით აფრთხილებენ პრეზიდენტს - ბურჯანაძე ივანიშვილის დეპუტატებზე
,,დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის „ოცნების“ სახელით გაფრთხილებად აფასებს ამერიკის მაგინებელი დეპუტატების თავდასხმას სალომე ზურაბიშვილზე.
ორგზის პარლამენტის თავმჯდომარე და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ „ოცნებიდან ფორმალურად წასულებს“ არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი არ აქვთ და მმართველი გუნდის დავალებებს ასრულებენ.
გასაგებია, რომ ფარსია ყველაფერი. სრულიად გასაგებია, რომ მათ არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი არ აქვთ და ისინი ახმოვანებენ იმას, რასაც ბოლომდე არ ახმოვანებს „ქართული ოცნება“. ამიტომაც, მემგონი საინტერესოც არ არის მათზე კომენტარის გაკეთება. ის, რომ ისინი ამ წერილით აფრთხილებენ ხელისუფლების სახელით საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ეს ჩემთვის სრულიად ნათელია“. - ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ივანიშვილის დეპუტატების ფორსირებული შეტევა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარის გუნდი კონსპირაციებზე საუბრობს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს“.
განცხადების ავტორები ეჭვობენ, რომ მეხუთე პრეზიდენტი დღე-დღეზე შეასრულებას აშშ-ის სალეჩოს დაკვეთას მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებით.
დეპუტატების თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ.
„საელჩო გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებს ნიადაგს“ - წერენ ივანიშვილის დეპუტატები.
"ოცნებიდან" ფორმალურად წასულებს არც ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდება ავიწყდებათ, მას ქველმოქმედად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებას ამერიკის საელჩო მას შემდეგ ცდილობს, რაც ივანიშვილი საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა.