კონსულტაციების მომავალი ეტაპი იქნება, რა კომპრომისებისთვის არის მზად ,, ოცნება" და ოპოზიცია - სამნიძე ომბუდსმენზე
სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შორის გამართული კონსულტაციის პირველი დღე დასრულდა. ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის კაბინეტში შეკრებილებს რამე კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ.
შეხვედრიდან გამოსული ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ შეკრებაზე კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, ცნობილი გახდა დამსწრეთა პოზიცია: არც უმრავლესობას, არც ოპოზიციას არ სურს, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდეს.
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ შეხვედრები გაგრძელდება.
შევთანხმდით, რომ პროცესის ჩაგდება არის სახიფათო და დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ეს არის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რაც უნდა შესრულდეს. ამიტომ ,,ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ მზადაა, მოუსმინოს ოპოზიციას.
ჩვენ შევთანხმდით პრინციპზე, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. არის კანდიდატები, რომლებზეც შეთანხმება არ მოხდება, რადგან მხარს არავინ უჭერს.
მომავალი ეტაპი იქნება იმის გარკვევა, რა კომპრომისებისთვის არის მზად ,,ქართული ოცნება" და ოპოზიცია.
სახელსა და გვარებზე დღეს საუბარი ძალიან ადრეა. ეს საფრთხილო პროცესია და აუცილებელია, რომ არ გაკეთდეს კატეგორიული განცხადებები - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციებს დღეს არ დასწრებია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი.