თუ ენმ-ს მერაბიშვილი დაუბრუნდება, „ლელო“ პარტიასთან აღარ ითანამშრომლებს - ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. პარტია „ლელოს“ ლიდერმა საჯაროდ თქვა, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის სადაავებს ხელში მერაბიშვილი აიღებს, მაშინ „ლელო“ პარტიასთან აღარ ითანამშრომლებს.
ხაზარაძემ, ამ განცხადებით პრაქტიკულად ცეცხლი ხაბეიშვილსაც გაუხსნა, რადგან პოლიტიკურ კულუარებში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან სწორედ მერაბიშვილი დგას.
ამ განცხადებით „ლელოს“ თავმჯომარემ ნაწილობრივ ისიც მიანიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.
სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს არის მათი საქმეები. ეს არჩევნები იქნება თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ის რეაქციული ძალები, მაგალითად, როგორიცაა მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩემი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან თანამშრომლობის, ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების“. - ამბობს ხაზარაძე.