გადაბრალების პოლიტიკა და ჩამოქცეული გელათი - წულუკიანი ხელს სამხატვრო აკადემიისკენ იშვერს
თეა წულუკიანის ბრალდება სამხატვრო აკადემიას. კულტურის მინისტრი ამტკიცებს, რომ გელათი განადგურების საფრთხის წინაშე, აკადემიის გამო აღმოჩნდა.
მინისტრი ამბობს, რომ აკადემია მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, არ ჰყავდა კვალიფიციური კადრები და ისტორიულ სამონასტო კომპლექს ვერ მიხედეს. წულუკიანი, აკადემიის პროფესორებსაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი სტუდენტების ნაცვლად საკუთარ თავზე ზრუნავენ.
ეს ყველაფერი კი ხდება მას შემდეგ, რაც თავისუფლების მონიტორმა გელათზე უცხოელი ექსპერტების საგანგაშო დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც იქ ჩატარებული რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ პირველი პასუხისმგებელი პირი, ვინც დამნაშავეა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე არის სწორედ თეა წულუკიანი.
„მთავარი ძეგლი ქართული იდენტობისა, მართლმადიდებლობისა, კულტურისა და საგანმანათლებლო მათ ჩამოაქციეს, ანუ ეს პასუხისმგებლობა მათზეა და არავისზე სხვაზე. შესაბამისად, ხელის გაშვერის პოლიტიკაში წულუკიანი ახალ იმპროვიზაციებს მიმართავს. ამაზე უფრო მეტი უტიფრობის ხარისხი, მემგონი მსოფლიო საზოგადოებას არ ახსოვს. მინისტრი, რომელსაც ახლა აქვს მიბარებული კატასტროფის ეს ფაზა, პასუხისმგებლობას იხსნის შემდეგ მოვლენებზე და პრაქტიკულად, ამით პროგნოზს უკეთებს, რომ გელათში უფრო გამძაფრდება სიტუაცია“. - ამბობს სპეციალისტი.