სად დაიწერა მელიას დამხობის გეგმა? - ექსკლუზიური ამბები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან

26.11.22 20:46
სად დაიწერა მელიას დამხობის გეგმა? - ექსკლუზიური ამბები ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიიდან

დიდი ჯახი დიდ ოპოზიციურ პარტიაში -  "შაბათის ეთერმა" აქამდე უთქმელი ამბები გაარკვია: წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის  სახლი, კონსპირაციული მოლაპარაკებების ეპიცენტრად იქცა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მელიას ჩანაცვლების გეგმა "ნაციონალურ მოძრაობაში" ოქტომბრის დასაწყიში ამუშავდა, შეხვედრები კი ვანო მერაბიშვილთან სახლში გაიმართა. აუდიენციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სტუმრებს მისი ხელით მომზადებული კერძებით უმასპინძლდებოდა და დროდადრო ცვლილებებზე ელაპარაკებოდა. 

თავის მხრივ ნიკა მელია "შაბათის ეთერთან"  ვანო მერაბიშვილთან ღია ომს პირველად ადასტურებს და ამბობს, რომ ყველაფერი 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე დაიწყო. კონკრეტულად რა მოხდა 2 წლის წინ, ისეთი, რამაც მელია და ვანო მერაბიშვილი ერთმანეთის მტრებად აქცია, ამაზე ნაციონალური მოძრაობის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არ საუბრობს, თუმცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ამ დაპირისპირების გამო, მელია მერაბიშვილს პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ოფისშიც კი არ უშვებდა. 

არის თუ არა ამბოხება ნაციონალურ მოძრაობაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პოლიტიკური ვენდეტა?  - მელია მხოლოდ ერთ გვარს არ ასახელებს, მიანიშნებს, რომ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და ორმა ყოფილმა ძალოვანმა მინისტრმა მისი დამხობა განიზრახა.

რაც შეეხება ნიკა მელიას კონკურენტს, ლევან ხაბეიშვილი "შაბათის ეთერთან" პრაქტიკულად ამბობს, რომ ნიკა მელიამ მიიძინა. მისი თქმით, მოქმედმა თავმჯდომარემ "მოძრაობის ნაცვლად პარტია დააკონსერვა და უძრაობის ჟამი დააყენა". 

ხაბეიშვილი წყენას არ მალავს და პირდაპირ ამბობს, რომ როცა ხარაგაულში საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ მასზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი კუნთმაგარი აქტივისტების ჯგუფი თავდასხმისთვის მიუგზავნეს, მელიამ მოსაკითხადაც კი არ დაურეკა.  ამბოხებულების თავმჯდომარეობის კანდიდატი მოქმედ თავმჯდომარეს ვერ პატიობს, რომ ზაფხულში დიდხანს დაისვენა.

ხაბეიშვილი "შაბათის ეთერთან" არ უარყოფს რომ კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან კავშირი აქვს, ის ადასტურებს, რომ მერაბიშვილი მის ქომაგთა რიგებშია.

რა ხდება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - შაბათის ეთერის ინფორმაციით, მელიას მოწინააღმდეგეთა ფრთად ლევან ხებეიშვილთან ერთად ზურაბ ჭიაბერაშვილის  კანდიდატურაც განიხილება. 

დიდი აურზაური ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - ნახეთ, ნატა ქაჯაის სპეციალური რეპორტაჟი

 

მსგავსი სიახლეები