თანაგუნდელები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ - არჩილ თალაკვაძე

28.11.22 18:09
თანაგუნდელები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ - არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მისი თანაგუნდელები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, განაცხადა.

მისი განმარტებით, რაც უფრო მეტად მოხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება, ექიმებს უფრო მეტად გაუჭირდებათ, მიხეილ სააკაშვილს სათანადო დახმარება გაუწიონ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეკუთვნება ცალსახად ექიმების და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და ვფიქრობ, მხოლოდ დამაზიანებელია, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის. რაც უფრო მეტად ხდება პოლიტიზება მისი ჯანმრთელობის საკითხების, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ გაუწიონ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ინტერესდება, რა არის ის დაავადება, რომელსაც სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ და არტომ არ ხდება ამ დიაგნოზის გასაჯაროვება.

ორი შეკითხვა  დღემდე პასუხგაუცემელია: კერძოდ, რა არის ის დიაგნოზები და დაავადებები, რომელსაც სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ ქართველი და უცხოელი ექიმები, ვინც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობის პროცესში და თანამშრომლობს თუ არა ის ექიმებთან თავის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს თუ არა იმ რეკომენდაციებს და დანიშნულებას, რაც აქვს ექიმების მხრიდან. ამ ორ შეკითხვაზე ჩვენ დღემდე მისი დაცვის მხარის მხრიდან პასუხები არ გვაქვს და არც თანხმობა და ნებართვა არ არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასაჯაროვდეს – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები