მივიღეთ გადაწყვეტილება, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში - მამუკა მდინარაძე

28.11.22 19:50
მივიღეთ გადაწყვეტილება, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში - მამუკა მდინარაძე

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება შეაჩეროს და ის სამართლებრივი განხილვისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს. ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.

ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ კანონპორპექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის, ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, არის სიცრუე. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწოდებს დასკვნას უკრაინის პარლამენტს.

გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ. იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის საშუალებით, ასევე, პირადი კომუნიკაციის დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში.

ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაიგზავნოს, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ სპეკულაციების სივრცე არ დარჩეს, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, ჩვენ კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ვიტყვით და ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები