ქუჩური გარჩევა ოზურგეთში - არჩილ თალაკვაძის ახლობლებმა გურიის ყოფილი გუბერნატორი სასტიკად სცემეს
ე.წ. რაზბორკა მაღლჩინოსნების მონაწილეობით - გურიის ყოფილი გუბერნატორი სასტიკად არის ნაცემი. მერაბ ჭანუყვაძეს, რომლიც ახლა რეგიონის სამაშველო სამხურის შეფია, ფიზიკურად არჩილ თალაკვაძის ახლობლები გაუსწორდნენ. ინფორმაციას ,,გურიის მოამბე" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. სტრელზე მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის, სახლში დაიბარეს და სასტიკად ცემეს - საქმის გარჩევის ინიციატორი, "პირველების", ინფორმაციით ავთანდილ თალაკვაძის მოადგილის, ნათია გოლიაძის, ქმარი, კოტე შევარდნაძე, იყო. როგორც ირკვევა, ნათია გოლიაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძის უახლოესი მეგობარია.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ჭანუყვაძეს ერთ-ერთ სუფრაზე მოხმდარი ინციდენტი არ აპატიეს და საქმე ქუჩური წესებით გაურჩიეს.
ქუჩური გარჩევების ფიგურანტები მომხდარს არ ადასტურებენ. მათ შორის არც ოზურგეთის მერის მოადგილის ქმარი, კოტე შევარდნაძე და არც ბიზნესმენი გია ზაქარიაძეც, რომლის დაბადების დღეზეც დაიწყო აღნიშნული კონფლიქტი.
,,პირველები" ბიზნესმენს დაუკავშირდა და ,,გურიის მოამბის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა.
ვინც ჩამოთვალეთ, ყველა არის ჩემი მეგობარი. ასეთი რამე ჩვენთან არ მომხდარა და რაც არ მომხდარა, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. - განუცხადა ,,ტვ პირველს" ბიზნესმენმა
გურიაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ,,ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს ერთმანეთში კრიმინალური გარჩევები აქვთ.
ძმები თალაკვაძეები, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილი მოურავები გურიაში, რომ იტყვიან, დაეპატრონენ ოზურგეთს.
ჩვეულებრივი ამბავია, როცა ,,ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთთან გარჩევებში არიან. არც მეგობრობა იციან მათ, არც კოლეგიალობა, პირდაპირ ქუჩაში ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. ამ დროს კი მძიმე სანახავია, როგორ გარიგებაშია პოლიცია კრიმინალურ სამყაროსთან. - აცხადებს ენმ-ს წარმომადგენელი, თათია ნიკოლაიშვილი.