არც ტიმოშენკოს შემთხვევაში გვქონდა საქმე სიმულაციასთან - გიული ალასანია კობახიძეს პასუხობს
მიხეილ სააკაშვილის დედა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პასუხობს. გიული ალასანია აცხადებს, რომ იმ პერიოდში, როცა იულია ტიმოშენკო ციხიდან გამოვიდა, ის უკრაინაში ხშირად ჩადიოდა და სარწმუნო წყაროებიდან იცის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
მე რამდენადაც ვიცი, არც ტიმოშენკოს შემთხვევაში გვქონდა საქმე სიმულაციასთან. იყო მძიმე ავადმყოფი. მე მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ხშირად ვყოფილვარ უკრაინაში და არაერთი ადამიანისგან გამიგია, რომ ნამდვილად ავად იყო ეს ადამიანი.
უბრალოდ, როცა ეტლით გამოიყვანეს ის, ეცვა ფეხსაცმელები ქუსლებზე, მაგრამ ტიმოშენკო მართლა ვერ დადიოდა, ძალიან მძიმედ იყო. - ამბობს გიული ალასანია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, გიული ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს ამის შესახებ კლინიკა ,,ვივა მედის" მედიკოსთა პოზიციებს.
მე ვფიქრობ, რომ უსათუოდ გაითვალისწინებს სასამართლო ,,ვივა მედის" დირექტორის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ბატონი ზურაბი ადრეც აკეთებდა მსგავს განცხადებებს.
ეს არის სამართლიანი და ეს არის რეალობა, რადგან ყველაზე მეტად კლინიკის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად დილიდან საღამომდე ადევნონ თვალი, მადლობა მინდა, მათ ვუთხრა ამისთვის - განაცხადა სააკაშვილის მშობელმა.
ირაკლი კობახიძემ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხომ არ სიმულიანტობს მსგავსად მისი მეგობრის, იულია ტიმოშენკოსი, რომელიც ციხიდან ინვალიდის სავარძლთ გამოვიდა და მეორე დღესვე ეტლიდან წამოხტა.