სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, სააკაშვილის მხარდაჭერის გარეშე - მესამე პრეზიდენტმა ხაბეიშვილის გეგმები დაიწუნა
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას თავად სააკაშვილი გაემიჯნა. მესამე პრეზიდენტმა თანაგუნდელებს "ვივა მედიდან" შემოუთვალა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა ახლა მისთვის მიუღებელია.
ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, როცა პარტიის დამფუძნებელმა ხაბეიშვილის გეგმები დაიწუნა. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მესამე პრეზიდენტს ე.წ. ამბოხებულების პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილად საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამოყენება არ მოეწონა. აქცია კი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ გვიან ღამით დაანონსა და სააკაშვილის პოზიციის მიუხედავად, გეგმებს მაინც არ ცვლის.
ლევან ხაბეიშვილის დაანონსებულმა აქციამ კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოების ახალი მიზეზი გააჩინა. მელიას ფლანგს პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა მიანიშნეს, რომ პროტესტი მათ გარეშე ჩაივლის.
ყოველი დღე ოპოზიციურ პარტიაში ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება, ამით კი გახარებული მხოლოდ "ქართული ოცნებაა". პროცესები იმ ეტაპზე მივიდა, რომ "ოცნების" თავმჯდომარეს მიეცა შესაძლებლობა ეთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა გოიმური პარტიაა", დასახელებული კანდიდატები კი "უინტელექტოები" არიან. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ენმ-ის დაშლამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.