ქვეყანა შესაძლოა, სახალხო დამცველის გარეშე დარჩეს - ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან

30.11.22 13:42
ქვეყანა შესაძლოა, სახალხო დამცველის გარეშე დარჩეს - ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან

ქვეყანა შესაძლოა, სახალხო დამცველის გარეშე დარჩეს. საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბებას ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ვერ ახერხებენ. თუ შეთანხმება ვერ შედგა, ომბუდსმენის არჩევისთვის საკმარისი ხმები ცალ-ცალკე არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ აქვს. 

მოქმედი სახალხო დამცველი, რომელსაც მხოლოდ ერთი კვირა დარჩა უფლებამოსილების ამოწურვამდე, ამბობს, რომ შესაძლოა, ახალი ომბუდსმენი არ გვყავდეს.

არ მაქვს ინფორმაცია, როგორ მიდის პოლიტიკური მოლაპარაკებები, ან რა ეტაპზეა. შესაძლოა, არ იყოს არჩული ომბუდსმენი, რადგან ოფიციალურად, ,,ოცნებას" არ აქვს საკმარისი ხმები. ხოლო ოპოზიციიდან ვინ რაზე შეთანხმდება და რა კონსესუსზე წავა, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის. - აცხადებს ნინო ლომჯარია.

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დაკომპლექტებული იყო ,,ნაცმოძრაობის" აქტივისტებით და წესით, ოპოზიციას უნდა აწყობდეს, რომ ახალი ომბუდსმენის არჩევა არ მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატები შერჩეული იყო არასამთავრობოების მიერ. რაც შეეხება მათს პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, რაც ერთ-ერთი კრიტერიუმია, აქ არსებობს არა მარტო კითხვის ნიშნები, არამედ ფაქტები, რომ ისინი არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები. 

ეს არის პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე არადამოუკიდებელი ინსტიტუტი საქართველოში. რადგან დამოკიდებულია ვიღაც-ვირაცეებზე, ამ ვიღაცეებს არ დავაკონკრეტებ. 

სახალხო დამცველის აპარატი დაკომპლექტებულია ,,ნაცმოძრაობის" აქტივისტებით. აქედან გამომდინარე, ომბუდსმენის არარჩევით პირიქით მოგებული რჩება ოპოზიცია. 

ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ომბუდსმენის არჩევის პროცესი რამდენიმე კვირაა, პარლამენტში დიდი დაპირისპირების საგანი გახდა.  ოპოზიცია მხარს ორ კანდიდატს, ანა აბაშიძესა და გიორგი ბურჯანაძეს უჭერს. მმართველი გუნდისთვის კი ორივე კატეგორიულად მიუღებელია.

მსგავსი სიახლეები