დავა ამნისტიის ირგვლივ - კენჭისყრაზე ორი სხვადასხვა შინაარსის კანონპროექტი გავა

28.04.21 11:29
დავა ამნისტიის ირგვლივ - კენჭისყრაზე ორი სხვადასხვა შინაარსის კანონპროექტი გავა

დავა ამნისტიის ირგვლივ - ოპოზიცია თვლის, რომ ამნისტიის კანონი მხოლოდ აღძრულ საქმეებს უნდა შეეხოს და ასევე, ეს უნდა მოხდეს დაზარალებული პირის თანხმობით. ამ პოზიციას არ ეთანხმება „ქართული ოცნება“ და აცხადებს, რომ კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს.   

ორ ძალიან პრინციპულ საკითხზე, რაც არის დაზარალებულების შემთხვევაში მხოლოდ ამნისტირება და მეორე ის, რომ იყოს კონკრეტული მუხლები და ამ შემთხვევაში ორი მუხლია და ამაზე იყოს ამნისტიის კანონში საუბარი, ამაზე „ქართული ოცნება“ არ დაგვეთანხმა, ამიტომ გვიწევს ცალკე კანნპროექტის რეგისტრირება, - ამბობს „ლელოს „ ლიდერი, ბადრი  ჯაფარიძე.

,,ენმ"-ს წევრი, თინა ბოკუჩავა, ამბობს, რომ იმისათვის, რომ მხარეებს ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტზე, მასში მეტი სიცხადე უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, ,,ენმ"-თვის მიუღებელია მოძალადებიის და ნიკა მელიას ერთ სიბრტყეზე დაყენება. 

მეტი სიცხადე უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტში მანამ, სანამ მხარეები მოაწერდნენ მას ხელს. მესმის, რომ ოპოზიცია, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს ცდილობს გარკვეული ჩამკეტები შემოიღოს ამ კანონპროექტში, რაც ასე თუ ისე მოახდენს იმ ზიანის მინიმიზირებას, რომელსაც ამნისტიის კანონი გამოიწვევს. ნებისმიერი ფორმულირებით ენმ-თვის მიუღებელია მოძალადეების და პოლიტიკური პატიმრის, ნიკა მელიას ერთ სიბრტყეში დაყენება, - ამბობს ბოკუჩავა.

აზრთა სხვადასხვაობის გამო პარლამენტის კენჭისყრაზე ორი სხვადასხვა შინაარსის კანონპროექტი გავა: ერთი ხელისუფლების, მეორე კი ოპოზიციის. ასევე, ცნობილია, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურისა და მსგავსი სიმძიმის საქმეებს. 

დეპუტატები, რომლებიც არ მუშაობდნენ ამნისტიის პროექტის შემუშავებაში, ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. „მოქალაქეების“ ლიდერისთვის, ალეკო ელისაშვილისთვის, გაუგებარია, რაზე დავობენ მხარეები. 

მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას  და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ. დანარჩენი უბრალოდ ვერ მივხვდი, რაზე კამათობენ, - აცხადებს ელისაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა, ამიტომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ის უკვე გავა. 
 

მსგავსი სიახლეები