"არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა"- კალაძე TV პირველს
კალაძე vs ტვ პირველი - დედაქალაქის მერი ამბობს, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება".
ქალაქის მერმა სასამართლოს მიერ TV პირველისა და მისი ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის დაჯარიმებას ვრცელი Facebook სტატუსი მიუძღვნა.
კახა კალაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ "არხი შეცვლის პოლიტიკას".
"ტვ პირველის" საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.
ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.
ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თოთოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.
ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.
რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.
ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის"- წერს კალაძე.