ევროკავშირმა უნგრეთს ძირეული რეფორმების შეუსრულებლობის გამო ფინანსური სანქცია დაუწესა

01.12.22 11:35
ევროკავშირმა უნგრეთს ძირეული რეფორმების შეუსრულებლობის გამო ფინანსური სანქცია დაუწესა

ევროკავშირმა უნგრეთის მთავრობას ფული გაუყინა. საუბარია 13 მილიარდ ევროზე, რომლითაც ქვეყანაში ძირეული ცვლილები უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ოფიციალური ბრიუსელი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები ჩავარდა.

ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებას იქამდე ვერ მიიღებს, სანამ არ განახორციელებს ძირეულ რეფორმებს სასამართლო სისტემასა და კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. 

ეს არის განხეთქილება ევროკავშირის ტრადიციულ დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებსა და მისი პარტნიორი ქვეყნის  დემოკრატიულ უკანდახევას შორის -- წერენ ევროპული გამოცემები.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი რეფორმები მიმდინარეობს, უნგრეთმა ვერ შეასრულა  გამოსასწორებელი ღონისძიებების 17 პუნქტი, რისი ვალდებულებაც მან აიღო. ამიტომ მოხდა რისკების იდენტიფიცირება. - აცხადებენ ევროკავშირში.

ოფიციალური ბრიუსელის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უნგრეთს მრავალმილიარდიანი დახმარება გაეწია, თუმცა იქ პოლიტიკური სიტუაცია იმაზე უფრო მძიმეა, რაც 10 წლის წინ იყო. განათლების დონე დაეცა, არ ვითარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ამის მიზეზი, ევროპელი ექსპერტების აზრით, არის ის, რომ ქვეყანაში შემოსული ევროპული დახმარება უნგრეთში ,,მოღვაწე" 4 ოლიგარქზე გადანაწილდა.

სანამ უნგრეთის დასანქცირების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ევროკავშირი ურბანის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქვეყანაში არსებული კორუფციის აღმოფხვრის, სასამართლო ხელისუფლების, არსამთავრობო სექტორისა და მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყანამ ვალდებულებები არ შეასრულა. 

უნგრეთის მთავრობის მეთაური, ვიქტორ ორბანი, საქართველოს ხელისუფლების ახლო მეგობარია. პრემიერი ღარიბაშვილი კი მასთან შეხვედრის შემდეგ ამტკიცებდა, რომ უნგრეთის რეფორმები საქართველოში  უნდა გადმოეტანა და ჰქონდა პირობა, რომ ეს ქვეყანა იქნებოდა ჩვენი მთავარი მოკავშირე ევროკავშირში.

მსგავსი სიახლეები