ეკონომიკური ზრდა თუ არ არის, საიდან იყიდა ხალხმა წელს ამდენი ავტომობილი? - კობახიძე
მომავალ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდება.
მოსალოდნელია ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი. ამ დასკვნამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მივიდა.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომავალ წელს ინფლაციის რისკი ისევ მაღალი იქნება, ანუ ფასები ყველაფერზე გაიზრდება და ცხოვრება კიდევ უფრო ძვირი გახდება.
„ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კი მაინც ჯიუტად ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და მაგალითად თბილისში გაზრდილი მანქანების რაოდენობა მოჰყავს.
„საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე“.- ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, ასევე სწრაფი ტემპით იყიდება ბინები და სახლები და მმართველი გუნდის ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებას საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ და არა უცხოელები.
„შარშან წლის დასაწყისში თუ იყო 4250 დოლარი ქვეყნის ეკონომიკა, ამ წლის ბოლომდე გახდა დაახლოებით 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. თბილისში დადიოდა დაახლოებით 250 ათასი მანქანა, წელს უკვე 600 ათასს აღემატება. მილიონი ადამიანი ცხოვრობდა თბილისში და ახლაც ცხოვრობს მილიონი, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ჰყავთ 600 ათასი ხო? საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ახლა ბინებს ყიდულობენ ადამიანები და ამ შემთხვევაშიც მინიმუმ 80-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე“. - ამბობს ირაკლი კობახიძე.