ელჩის სკანდალური განცხადება - ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის
ჩეხეთის ელჩის სკანდალური განცხადება - პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია".
დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში გააქვთ.
ამ წლის დასაწყისიდან ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა... ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის, - განაცხადა ელჩმა "ნეტგაზეთის" ცნობით.
მიკისკას თქმით, მათი სურთ გაიგონ, სად მიდის საქართველოში შემოსული პროდუქცია:
თუ ეს არის საწარმოო საშუალებები, ეკონომიკა ისე არ იზრდება, რომ შთანთქას ჩეხეთიდან ასეთი ექსპორტი. თუკი ეს არის სამომხმარებლო საქონელი, აქაც იგივეა – მომხმარებლებში არ გაზრდილა ჩეხური პროდუქტების სიყვარული. ასე რომ, ეს [ზრდა] სადღაც უნდა მიდიოდეს. ჩვენ გვსურს, გავიგოთ [სად], მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოვნახეთ გზა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ასახული იყოს სტატისტიკაში“, – განაცხადა ელჩმა.
განცხადება ელჩმა გუშინ, 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთისა" და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა.
ირკვევა, რომ მხოლოდ წელს, ექსპორტში ყველაზე დიდი წილი აქვს: სატელეფონო აპარატებს და ტურბო რეაქტიულ და ტურბო ხრახნიან, ასევე აირის ტურბინების ძრავებს.
საქსტატის მონაცემებით, ამ ძრავების იმპორტი ჩეხეთიდან რადიკალურად არის გაზრდილი.