წამლის ფასს თქვენნაირი უსუსური მთავრობა ვერ გააკონტროლებს - დაპირისპირება პარლამენტში

01.12.22 16:07
წამლის ფასს თქვენნაირი უსუსური მთავრობა ვერ გააკონტროლებს - დაპირისპირება პარლამენტში

მედიკამენტების ფასები დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარლამენტის სასესიო დარბაზიდან  ხმაურიანი განცხადებები წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის განხილვას მოჰყვა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილება რეალურად  კორუფციას ემსახურება და პრემიერ-მინისტრი ,,ქართული ოცნების" ბიზნესს ლობირებს.

წამლებზე ფასების გაკონტროლება მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლება ამას ვერ მოახერხებს და პრემიერის განცხადებები ფარმაცევტული ბაზრიდან ხელისუფლებისთვის  არასასურველი კომპანიების გაყვანას ემსახურება - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები.

,,ნაცმოძრაობის" დეპუტატს, რომან გოცირიძეს, მიაჩნია, რომ ხელისუფლება წამლის ფასის დაწევას ვერ მოახერხებს.

პირდაპირ გეუბნებით, როგორც პროგნოზს: ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მოხდა რეცეპტების დროს. გეუბნებოდი, ნუ შემოიღებთ ამ რეცეპტების სისტემას, რადგან შეუძლებელია მისი გაკონტროლება. სოციალიზმში გვაბრუნებთ, იმ ბნელ 90-იანებში, როცა სპეკულიანტები და ათასი რაღაცეები იყვნენ.

ფასს დედამიწის ზურგზე ვერავის გააკონტროლებს, მით უმეტეს, თქვენნაირი უსუსური მთავრობა, სინამდვილეში ეს გადაიქცევა კურუფციისა და პოლიტიკური დევნის წყაროდ. 

რატომ იწყებთ 1200 წამლით, 120-ით დაიწყეთ. რატომ გეჩქარებათ? - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპასუხოდ, მმართველი პარტიის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, განაცხდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს შეღავათიან ფასებში წამლების შემოტანით. ოპოზიციის კრიტიკას კი გაუგონარი უტიფრობა უწოდა.

გაუგებარი უტიფრობის მომსწრენი ვართ. რასაც ახლა ვხედავ, სრული ანომალიაა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ მიდის მასზე პირდაპირი შტურმი. ვისაც ეს მედიკამენტი სჭირდება, მან კარდგად იცის, რომ ამით ზოგავს საკუთარ ბიუჯეტს. ამას არ სჭირდება ასეთი სასოწარკვეთილი, ჰაერიდან მოტანილი კრიტიკა. 

როგორ მართავდით, ან რა ჯანდაცვის სიტემა გქონდათ. კიდევ უნდა დაიწყოთ ლაპარაკი, არ გცხვენიათ? 

თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, ახლა წამლებს გადაწვდით და იმას აკრიტიკებთ - თქვა გოცირიძის საპასუხოდ ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები