სააკაშვილს ნიმუშები, სავარაუდოდ, არასწორად აუღეს - კაციტაძის უწყება არასწორ ქმედებებში ხაჭაპურიძემ ამხილა
მიხეილ სააკაშვილს ნიმუშები, სავარააუდოდ, არასწორად აუღეს.
კოკა კაციტაძის უწყების გამომძიებელი არასწორ ქმედებებში მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ამხილა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან საგანგებოდ „ვივა მედში“ მისულმა გამომძიებელმა სააკაშვილს ნიმუშები სისხლიდან და შარდიდან აუღო.
ეს არის მეთოდი, რომელიც თავის დროზე გერმანელმა ექსპერტებმა გამოიყენეს, თუმცა მაშინ მოწამვლა ვერ დადგინდა. განსხვავებით ამერიკელი ტოქსიკოლოგებისგან, რომლებმაც ნიმუშები თმის ღერიდან და ფრჩხილიდან აიღეს.
ამ დასკვნით კი დადგენილია, რომ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ აღებულ იქნა საექსპერტო ნიმუშები. აღებული იქნა სისხლის ანალიზი და შარდის ანალიზი. გაეროს და ჯანმოს პროტოკოლებით, სისხლით და შარდით ხერხდება მძიმე მეტალების აღმოჩენა ორგანიზმში. დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, რომ მის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალები. ამერიკელმა ექსპერტმა მერე ამაზე გასცა სათანადო დასკვნა. ახლა ამის საწინააღმდეგო არგუმენტად, იმისთვის, რომ პიარი ატყდეს, პიარის ელემენტებს შეიცავს და არა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, მაინც იქნა აღებული კანონის დარღვევის წესით დადგენილი საერთაშორისო წესის მოთხოვნის უხეში დარღვევით სისხლის ანალიზი. როგორც ჩანს, გამოძიებამ გადაწყვიტა მოკლე გზის მოძიება, რომ საქმეში ჩააკრას ფაქტობრივად არაფრისმთქმელი დოკუმენტი, რომ სააკაშვილის სისხლში არ აღმოჩნდეს მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენს გამოძიება. უკვე წინასწარ ვიცი, რა იქნება პასუხი. ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება და ჩვენ ამაზე სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.