ნიკა მელია ციხის კარიდან ვერ გამოეტია - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტებს შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეთანხმების აქტი არ მოსწონთ.
კობახიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გავლენის ქვეშაა, რომელთა მიზანიც დესტრუქციაა.
არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისინი ეწინააღმდეგებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც თვითონ მოაწერეს ხელი. აშკარაა, რომ მათთვის ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო იძულება. მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ მათ ძალიან არ მოსწონთ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის გადადგმული ნაბიჯი დეესკალაციისკენ. რაც შეეხება ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს, მათი ერთადერთი მიზანია არა დეესკალაცია, არამედ ესკალაცია, - ამბობს კობახიძე.
მმართველი გუნდის ლიდერი ნიკა მელიას შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ის ციხის კარიდან ვეღარ გამოეტია.
ნიკა მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს. გამოდის, იქიდან ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს, მაგრამ ვერ გამოეტია ციხის კარებიან, - აცხადებს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს მათი მხრიდან შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა იქნება.
თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, რომელიც იქნება შესაბამისობაში იმ დოკუმენტთან, რომელსაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი, ეს იქნება შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, - აცხადებს კობახიძე.
დავა ამნისტიის ირგვლივ - ოპოზიცია თვლის, რომ ამნისტიის კანონი მხოლოდ აღძრულ საქმეებს უნდა შეეხოს და ასევე, ეს უნდა მოხდეს დაზარალებული პირის თანხმობით. ამ პოზიციას არ ეთანხმება „ქართული ოცნება“ და აცხადებს, რომ კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს.