დიპლომატიური სკანდალი: ღარიბაშვილის მთავრობა უკრაინელებს გენერატორებსაც კი არ აძლევს
ღარიბაშვილის მთავრობა უკრაინელებს გენერატორებსაც კი არ აძლევს. დიდ სკანდალში "ოცნების" ხელისუფლება დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ამხილა. ირკვევა, რომ მაშინ როცა პუტინმა უკრაინელებს ენერგობლოკადა მოუწყო და ცივ ზამთარში გაყინვისთვის გაიმეტა, საქართველოს მთავრობამ უკრაინის თხოვნას, დახმარებოდნენ გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით, არც კი უპასუხა. თბილისის საკრებულომ კი მორალურ დახმარებაზეც უარი თქვა და არც კი განიხილა თხოვნა, უკრაინელი და ქართველი გმირების სახელობის ქუჩების გახსნაზე.
ანდრეი კასიანოვის ხმაურიანი განცხადებები კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ დიპლომატი ოცნებას ლამის მტრად გამოეცხადებინა. მას შემდეგ, რაც დღევანდელ შემაჯამებელ ბრიფინგზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დააანონსა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრებდა, კასიანოვს ფაქტობრივად უწყების კარი ჩაუკეტეს. აუდიენციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დიპლომატს პროტოკოლის სამსახურიდან შეატყობინეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აღარ უნდა მისულიყო.