სააკაშვილის საკითხს არა სასამართლო, არამედ ღარიბაშვილი და ივანიშვილი წყვეტენ - დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“, პირადად ღარიბაშვილი და ივანიშვილი იღებენე.
დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მტკიცებულება, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეორე ღია მტკიცებულება. პირველი მტკიცებულება მაშინ იყო, როდესაც მან თქვა, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, სასჯელს დაუმატებენ. ეს არის ასევე სტრასბურგისთვის ასევე მტკიცება და მეორე, პირდაპირი მითითება და დირექტივა იყო,რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმაზე საუბრობდნენ, რომ სასამართლოს გადაეწყვიტა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ახლა აღმოჩნდა, რომ სასამართლო კი არა, ღარიბაშვილი წყვეტს, ანუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. რასაკვირველია, ეს მტკიცებულებები არის ყველაფერი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არის სტრასბურგში, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ იმის განაცხადი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია მიხეილ სააკაშვილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის უფლებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. შეიძლება მას მედიცინის არ სჯერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამ პასუხისმგებლობის ნამდვილად უნდა დაიჯეროს“. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მისი სიცოცხლე ღმერთს აბარია“.