არ მაქვს მოლოდინი, რომ ,,ოცნება" საზოგადოების დაკვეთას შეასრულებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ხელისუფლება შეეცდება, მაქსიმალურად გაწელოს სასამართლო პროცესი თავისი მესიჯბოქსებით, რომ სააკაშვილი იტყუება, მიზანმიმართულად იკლავს თავს - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესს სასამართლოს ეზოდან ადევნებდა თვალს, პროგნოზირებს, რომ ,,ოცნება" არც ამჯერად შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას.
მართალი რომ გითხრათ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან, რომ ისინი საზოგადოების დაკვეთას შეასრულებენ. არც მოლოდინი მაქვს და არც იმედი.
ხელისუფლება შეეცდება, მაქსიმალურად გაწელოს ეს სასამართლო პროცესი თავიანთი მესიჯბოქსებით, რომ იტყუებიან, სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს, მიზანმიმართულად იკლავს თავს. ასე შეეცდებიან ყველაფრის გაპრავებას - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძეს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე უნდა ემსჯელა.