იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სასამართლოში რომივითაა, ყველა გზა იქ მიდის - გიორგი ბურჯანაძე
"დღეს სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო რომივითაა და ყველა გზა მისკენ მიდის"- განცხადება ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა.
ბურჯანაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ძალაუფლების დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს:
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სასამართლოში რომივითაა - ყველა გზა მიდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ახალი გამოცდა გვინდა? -იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გვინდა, რომ მოსამართლეების ახალი თაობა გვყავდეს? - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეების დანიშვნა გვინდა? - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის დისციპლინური დევნა გვინდა? - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის გათავისუფლება გვინდა? - იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლის წარდგენა გვინდა უზენაეს სასამართლოში? - იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შევქმენით, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მას“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, დღეს ყველა კითხვაზე პასუხი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ეს უნდა შეიცვალოს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. აუცილებელია არსებობდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც მოსამართლეების ახალ თაობას გაზრდის და ჩაატარებს გამოცდას და ყოველთვის ეყოლება ადამიანური რესურსი, რომ საჭიროებიდან გამომდინარე მოსამართლეები ჩანაცვლდეს და შეივსოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარეებს, ეს უნდა გაუქმდეს და თვითონ მოსამართლეები უნდა წყვეტდნენ ვინ არის სასამართლოს თავმჯდომარე"- დასძინა მან.