იმედი მაქვს, სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს - თეა წულუკიანი

09.12.22 19:56
იმედი მაქვს, სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი და ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს თვითდაზიანების მიყენებაში ადანაშაულებს. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს. მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება - აცხადებს თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილმა შეცვალოს პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში. 

აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული.

ამისთვის გვაკლია ერთადერთი რამ, ეს არის მისივე სურვილი და მონაწილეობა თავისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, რასაკვირველია, თუკი თავის ჯანმრთელობას თვითონვე მოუფრთხილდება, შეძლებს ნებისმიერ მისთვის სასურველ პროცესში ჩართვას - მიაჩნია კულტურის მინისტრს.

მსგავსი სიახლეები