სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური რევანში - IDU-ს უმწვავესი რეზოლუცია
„ქართული ოცნების“ რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახა. ასეთია პოლიტიკოსების შეფასება მას შემდეგ, რაც საჯაროზე ახალი უმწვავესი რეზოლუცია გამოვიდა.
„საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი“ დოკუმენტში წერს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური რევანში პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსის მიმართ.
ათობით პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტებული კავშირი იტყობინება, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით, რამაც სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.
ოპოზიციას აქვს განცდა, რომ „ოცნებასთან“ ერთად ქვეყნის ღირსებაც შეიბღალა.
თეონა აქუბარდია პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნება“ პოლიტიკური შურისძიების გამო არ აქცევს ყურადღებას მიხეილ სააკაშვილის უფლებებსა და მის ჯანმრთელობას.
„ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური შურისძიების გამო არ აქცევს ყურადღებას ადამიანის უფლებებს, რამდენადაც პატიმარ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის სერიოზული საფრთხის წინაშე და ეს მოწოდებაც და ეს კონსესუსიც საქართველოს ხელისუფლებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რამდენადაც დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება პოლიტიკური მოტივებით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა". - ამბობს აქუბარდია.