გლოვა სიჩუმეში, მთავრობის დემარშის ფონზე - რა აქვთ სათქმელი გმირების ოჯახებს
გლოვა სიჩუმეში - "შაბათის ეთერი" მთავრობისგან მიტოვებულ ოჯახებს ეთმობათ. უკრაინაში, საქართველოს მთავარ მტერთან ომში დაღუპული გმირების ჭირისუფლები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ "საწყლები არა ქართველი მეომრები, არამედ თავად არიან ასეთი მთავრობის ხელში".
"დარწმუნებული ვარ, რომ ფულის გამო არ წასულა მამა იქ" - უთხრა ღარიბაშვილს ფრონტის ხაზზე გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, 41 წლის ავთო რურუას შვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომლებიც გმირების დისკრედიტაციით არიან დაკავებულები.
ხელისუფლების მიერ წამოწყებული კამპანიის გამო, გმირების შვილებს, ცოლებს, დებს და ძმებს ახლა სამძიმრის მიღების ნაცვლად, იმის ახსნა უწევთ, რომ ფრონტის წინა ხაზზე მყოფებს ფორმებსაც კი სამშობლოდან უგზავნიდნენ და ომში არა ფულის გამო, არამედ მკვლელი რეჟიმის შესაჩერებლად წავიდნენ.
"ფულის გამო მიდიან და ფორმებს აქიდან ვუგზავნით?"- უთხრა "შაბათის ეთერს" გმირულად გარდაცვლილი 46 წლის ბადრი მარკელიას დამ.
გლოვაა რომეო ფიჩხაიას ოჯახიც, ჭირისუფალი, გმირის ფოტოებს დასტირის, რუსმა ოკუპანტებმა მისი ცხედარი დაატყვევეს, სანუგეშებლადაც კი აქ თბილისიდან სამთავრობო უწყების ერთი წარმომადგენელიც კი არ ჩასულა.
კიდევ ერთი გმირი, როლანდ კვარცახელია პუტინის ჯარისკაცებმა უთანასწორო ბრძოლაში იმ დროს მოკლეს, როცა ტყვია ამოეწურა. ის ფრონტის ხაზზე ოჯახის წევრებისგან მალულად წავიდა - დაუმალა მოხუც მამას დონეცკის ოლქში გამგზავრების ამბავი, რადგან იცოდა, რომ მამისთვის კიდევ ერთი შვილის სიკვდილი გაუსაძლისი ტკივილი იქნებოდა.
შვილის, მერაბ ალადაშვილის სიკვდილის შემდეგ, ნანა ალადაშვილი ლოგინიდან ვეღარ დგება. უდიდეს ტკივილს ჩუმად, ტირილით მხოლოდ მაშინ გამოხატავს, როცა ალბერტი, მისი უმცროსი შვილი სახლში არაა.
უმძიმესი მოსასმენია შვილებისთვის გამოგზავნილი, სიცოცხლის ბოლო წამებში ჩაწერილი ომის ხმები.
"მიყვარხარ მამა და ყველაფერი კარგად იქნება..."; მივდივარ ახლა მე და მიყვარხარ, ყველაფერი კარგად იქნება!" - ასეთია გმირების ბოლო წუთები, რომელიც ტელეფონს შემორჩა.
ამ ხუთი გმირის ჭირისუფალი მხოლოდ ოჯახები არ არიან, მთელი ქვეყანა დაძაბული და დაჭიმული ელოდება რა მოხდება ბახმუტში. ქალაქში სადაც პუტინის დანაყოფები დაქირავებულ მკვლელთა რაზმები დათარეშობენ და ცხედრებიც კი დაპატიმრებული ჰყავთ.
საქართველოს ხელისუფლებამ კი რუსული ტყვიით უკრაინაში მოკლულ ქართველებს ადგილი თავისუფლების მოედანზე და ცხრა აპრილს დაღუპულთა გმირთა მემორიალთანაც კი ვერ მოძებნა.