ჭირისუფლების ამწიოკებელი და გმირებთან მებრძოლი ხელისუფლება - ნოდარ მელაძის მონოლოგი
"ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება" - ეს ჯარისკაცის მამის სიტყვებია. ჯამბულ ხოფერია, დღეს ლანჩხუთში საგვარეულო სასაფლაოზე, ბიძის, უფროსი ჯამბულ ხოფერიას გვერდით გვერდით დაკრძალეს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას აფხაზეთში შეეწირა, ვინც 90-იანებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, ლანჩხუთელი ძმები ხოფერიების გმირობის ამბავი კარგად იცის - შვილმა მამის და ბიძის გზა გააგრძელა.
ჯამბულ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყებიდან სამ დღეში ჩავიდა, საქართველოს და უკრაინის საერთო მტრისაგან რომ დაეცვა უდანაშაულო ხალხი. ხალხი, ვისაც სასტიკი ჯალათი პუტინი კლავდა. იბრძოდა ყველაზე ცხელ წერტილებში, ბოლოს ხერსონში ქიმიური იარაღით მოწამლეს და ვეღარ გადაარჩინეს.
მისი გმირობის ამბავს, ჩვენს ხელისუფლებაში მყოფი მონათა საძმო ვერასდროს გაიგებს და ვერც გაუგებს გმირებს, რატომ შეიძლება, ბოროტების წინააღმდეგ იბრძოლო. ჩვენი ხელისუფლბა ხომ ბოროტების მოკავშირეა და ლამის თითზე ჩამოსათვლელ სამყაროს მმართველებს შორის აღმოჩნდა, ვისაც პუტინის მოკავშირე ჰქვია. გმირებს ვერასდროს გაუგებს, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს მებრძოლები "საწყალი ბიჭები არიან და ვიღაცას ომში ძალით მიჰყავს". გმირებს ვერასდროს გაუგებს, მდინარაძე, რომელიც კანონში მუხლებს ეძებს, რომ საომრად წასულ ქართველებს მოქალაქეობა წაართვას, ემუქრება და მისი კაბინეტიდან, ფრონტის ხაზზე, რუსული ბომბების თავსხმა წვიმაში წასულებს აშანტაჟებს, რომ სამშობლოს კარს ჩაუკეტავს და უკან არ ჩამოუშვებს. გმირებს ვერასდროს გაუგებს, ირაკლი კობახიძე, რომელსაც იმის თქმაც კი უჭირს, რომ რუსეთი ჩვენი სამშობლოს მტერია და პუტინი სამხედრო დამნაშავე!
ჯამბულ ხოფერია დღეს ლანჩხუთის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს, იქ დუმდა მთავრობა და გლოვობდა ხალხი. არც ერთი მინისტრი, არც პრემიერი, არც პარლამენტის თავმჯდომარე, იქ ჩვენ არ გვინახავს. გმირები ოლიგარქის მონათა საძმოსთვის არ არსებობენ, მათთვის არსებობენ კერპები და ეს კერპი მხოლოდ პუტინის მეგობარი ქართველი ოლიგარქია. ცოცხლებს სიცოცხლეს უმწარებენ და მკვდრებს ეომებიან. მიცვალებულებთან ომში ამ ქვეყნის მთავრობამ, ეს დღეები ისეთი ამბები იკადრა, რაც არავის უკადრია, რაც არასდროს არავის დასცდენია, რაც არავის გაუფიქრებია. გასდით და აკეთებენ: ღრმა ძილში მყოფ, ცოტა დაბნეულ და ცოტა დათრგუნულ ხალხს უბედავენ, იმის თქმას და კეთებას რის გამოც სხვა დროებაში პასუხს მოსთხოვდნენ.
პუტინის დამქაშის, ბიძინა ივანიშვილის მონათა საძმო გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ეომება და ჭირისუფალს აწიოკებს. გმირების შვილებს, ვისთვისაც ჯერ მამის ცხედარიც კი არ ჩამოუსვენებიათ, ეუბნებიან, რომ მათი მამა ომში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კი არ წავიდა, საქართველოს და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად კი არ წავიდა, ფულისთვის წავიდა, ჭირისუფალი, რომელსაც ცხედრები სანატრელი გაუხდა, ნუგეშის ნაცვლად, ტალახის სროლას იღებს ამ ხელისუფლებისგან. მდინარაძისგან, კობახიძისგან, ღარიბაშვილისგან და მონათა საძმოს სხვა მეთაურებისგან . შაოსანი დედები, ამ ხელისუფლების ცრუ ამბებს იგერიებენ და ცდილობენ, მათი შვილების გმირობის ნამდვილი ამბავი თქვენამდე მოიტანონ.
ამ ხელისუფლებას, გმირების წინააღმდეგ ბრძოლა ახლა არ დაუწყია. გავიხსენოთ გია ცერცვაძის ამბავი: უკრაინიდან, ომიდან სამშობლოში დროებით ჩამოსული ქართველი ჯარისკაცი 2017 წელს ამ ხელისუფლებამ რომ რუსეთის მოთხოვნით ძებნილად გამოაცხადა. მაშინ მე ახალი ამბების ქუჩის რეპორტიორი ვიყავი და გადაღებაზე წავედი გორში, სადაც ბინაში ატირებული ქალი დამხვდა, სამ შვილთან ერთად. ეს გია ცერცვაძის მეუღლე იყო, რომელსაც ვერ გაეგო, მისი ქმარი რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო, რატომ გაწირა ამავე ქვეყნის ხელისუფლებამ, მისი ატირებული შვილებისთვის ჟურნალისტები ბოლო ხსნა ვიყავით, ჩვენ მაშინ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მე და ჩემი ოპერატორი გადავფრინდით კიევში, სასმართლო პროცესებზეც ვიჯექით და ღამეები იზოლატორთანაც ვათენეთ, ვიდრე ვიდრე ცერცვაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან არ მოვიდა. ის რუსეთის კლანჭებში ჩავარდნას გადარჩა იმიტომ ამბავი ჩვენამდე მოვიდა მთელს საქართველოს მოვუყევით, მაგრამ რამდენი ამბავი რჩება მიღმა რომელსაც, ივანიშვილის მონათა საძმო და ოლიგარქის რუს დამქაში ერთად ჩქმალავს.
წვეთ წვეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ-მისხალ ბიძინა ივანიშვილის მონათა საძმომ ქართველ ხალხი, ორად გახლიჩა, ახლა ერთმანეთის დაჭმა დახოცვით ვართ დაკავებულები. სიტყვით ვკლავთ ერთმანეთს, ისინი კი ამ სეირს უყურებენ და ხელისუფლებას ყოფნის დროს ამით იხანგრძლივებენ. დაყავი და იბატონე! - ეს არის აგერ უკვე ათი წელია, რასაც უკეთებენ ხალხს და წარმატებით გამოსდით. "მკვდრებთან მეორი და ჭირისუფალთან მებრძოლი ხელისუფლება" - ასე აღწერს წლების შემდეგ თქვენი მმართველობის ჟამს ისტორია, მაგრამ თქვენ ხომ ისტორიაც არ გაინტერესებთ, დღევანდელი კეთილდღეობით ცხოვრობთ და ხვალინდელ დღეს ამ ქვეყანას უნადგურებთ. ჭირისუფლების ამწიოკებელი და გმირებთან მებრძოლი ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე - აი ასე ჩაიწერება თქვენი სახლელები წლების შემდეგ საქართველოს ისტოიაში. დიდება გმირებს!"