აღმაშფოთებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დუმილი - სამოქალაქო აქტივისტების წერილი

28.04.21 21:23
აღმაშფოთებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დუმილი - სამოქალაქო აქტივისტების წერილი

ახალი კანონის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულოგნობაზე სანქციები მკაცრდება, სამოქალაქო აქტივისები ეხმაურებიან. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც კანონის ინიცირება არ გააპროტესტეს.

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული. 

ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი.  აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ არ მოგვისმენია მათი არც ერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია .
მოძრაობა ''შეცვალე''
''დემოკრატიული მომავლისთვის''
''მოძრაობა საქართველოსთვის''
''ალტერნატივა''
სამოქალაქო აქტივისტი-შუშანა მაცაბერიძე 
სამოქალაქო აქტივისტი-თამთა გოგოლაძე
 

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში. 

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მოქმედი კანონმდებლობით 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.

173-ე მუხლი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს და მასზე დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.

ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება.

ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

მსგავსი სიახლეები