ვერ დააშინებთ ადამიანებს, მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს - დაპირისპირება პარლამენტში

29.04.21 13:54
ვერ დააშინებთ ადამიანებს, მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს - დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური პარლამენტში - სესიაზე დაპირისპირების მიზეზი ის ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაზე ჯარიმები გაიზრდება. კანონპროექტი მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელმაც შეთანხმების აქტს მოაწერა ხელი. ისინი თვლიან, რომ  აღნიშნული კანონპროექტი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ჩახშობისკენ არის მიმართული.

ოპოზციის სახელით საგანგებო განცხადების გასაკეთებლად პარლამენტში დღეს „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, თეონა აქუბარდია, მივიდნენ.

ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დაუსვა, ხომ არ ფიქრობენ ისინი, რომ მოქალაქეების პროტესტი ხელისუფლების მიერ ჩავარდნილმა რეფორმებმა გამოიწვია.

ეს არის პოლიტიკური თემა და არა  მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. ხომ არ ფიქრობთ შემთხვევით, რომ პროტესტი რომ იმატებს საზოგადოებაში ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა. ეს საქართველოს კონსტიტუცია ვინ უნდა დაიცვას? ამ ორგანომ ხომ არ უნდა დაიცვას? ამ კონსტიტუციასთან სრულ წინააღმდეგობაში რომ მოდის პროტესტის ჩახშობა ამაზე რას ფიქრობთ? ვერ დააშინებთ იმ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, კომენდანტის საათის დროს, ჩუმად, - განაცხადა  ანა ნაცვლიშვიმა.

შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს ჰკითხა, სცხვენია თუ არა მას იმის გამო, რომ ვალდებულების მიუხედავად,  მისი თანამოაზრეები პლენარულ სხდომას არ ესწრებიან. 

სამარცხვინო იცით რა არის? პოლიტიკურად სამარცხვინო, რა თქმა უნდა. თქვენმა კოლეგებმა აიღეს ვალდებულება, რომ სამშაბათიდან პლენარულ სხდომებს ესწრებოდნენ, მიიღებდნენ მონაწილეოებას საპარლამენტო ცხოვრებაში და აი, ეს სკამები რომ ცარიელია, მათ ნაცვლად არ გერიდებათ?, - განაცხადა ოხანაშვილმა.

„ლელოს“ წევრის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილიც.

ქალბატონო, ანა, ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტში და აქ მუხლებზე და პუნქტებზე სვაუბრობთ და ეს არის საპარლამენტო საქმიანობის არსი და კარგი იქნება თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და საპარლამენტოს აქმიანობას დაუბრუნდებით რეალურად. ისე, საინტერესოა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რომ არ მოგწონთ, ჩავარდნილი პროგრამები, ნაცმოძრაობის აქტივისტები მიუხედავად შეთანხმებისა გუშინ მონებს რომ გეძახდნენ, ეს რა მოცემულობაა? - განაცხადა მათიკაშვილმა.
 

კანონპროექტის თანახმად ცვლილებები ადმნისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს შეეხება.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მოქმედი კანონმდებლობით 500 ლარით ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.

173-ე მუხლი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს და მასზე დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.

ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება.

ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.