ეყოლება თუ არა საქართველოს ახალი სახალხო დამცველი - ყველაფერი 3 დღეში გაირკვევა
სახალხო დამცველის არჩევის პროცესი პოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცა. ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე კენჭს როგორც სახალხო დამცველის, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად იყრიან.
ირკვევა რომ" ქართული ოცნება" ახლა შესაძლოა, ოპოზიციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ამ კანდიდატების დანიშვნას სთავაზობდეს, სანაცვლოდ კი ოპოზიციამ მხარი ,,ქართული ოცნების" ფავორიტ სახალხო დამცველობის კანდიდატს უნდა დაუჭიროს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ გააჩნია ისეთი ბერკეტი, რომ საბჭოში არსებული სიტუაცია შეცვალოს, ამიტომ შესაძლოა, ,,ოცნებამ" ომბუდსმენის მათთვის ფავორიტი კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ ოპონენტებს მათთვის სასურველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები დაუთმოს.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ ვაჭრობაში არ შეჰყვება.
კატეგორიულად გამოვრიცხავ, ,,სტრატეგია აღმაშენებელმა" ამ თაღლითურ გარიგებაში მონაწილეობა მიიღოს. სახალხო დამცველი არის სახალხო დამცველი და იუსტიციის საბჭო არის იუსტიციის საბჭო. ეს არის ორი სხვადასხვა უწყება.
კატეგორიულად გამოვრიცხავ და იმედი მაქვს, აბსოლუტურად იგივე პოზიცია ექნება დანარჩენ ოპოზიციასაც, რომ არ იცვლება ერთი მეორეში. - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გადამწყვეტი კენჭისყრა ხუთშაბათს იქნება. სამ დღეში გაირკვევა, ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი სახალხო დამცველი.