ამ კანონპროექტს ჰქვია "ქართულ ოცნებას ეშინია" - ნაცვლიშვილი ხელისუფლებას

29.04.21 15:58
ამ კანონპროექტს ჰქვია "ქართულ ოცნებას ეშინია" - ნაცვლიშვილი ხელისუფლებას

ამ კანონპროექტს ჰქვია „ქართულ ოცნებას ეშინია“  - ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს უთხრა, რომ მათ ხალხის პროტესტის და საპოლიციო ძალების ჩამოშლის ეშინიათ, რის გამოც აღნიშნული კანონის შემოღება გადაწყვიტეს. 

ამ კანონპროექტს ჰქვია „ქართულ ოცნებას ეშინია“  კანონი. ახლა გეტყვით, რისი გეშინიათ, რაკი ვერ ხვდებით. ერთი, გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს, არ მოიკლებს და მათ შორის, ეს გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებს მოქალაქეებს და მეორე, გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, იმიტომ, რომ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ, მათ ჰყავთ ოჯახები და გააჩნიათ ღირსება და არავის არ უნდა, თქვენს გამო ესროდნენ ტალახს და ეძახდნენ „მონას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებამ „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა, გააღიზიანა. 

მივმართავ ანას ,,ლელოდან". რაღაც ისეთი გონორით შემოვიდა, ისეთი შემართებით, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ 6 თივს განმავლობაში , რაც ქუჩა-ქუჩა იარეს, დრო დაკარგეს, ცდილობს ახლა, ამით გამოიძვრინოს თავი, - განაცხადა ზარქუამ. 
 

კანონპროექტის თანახმად ცვლილებები ადმნისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს შეეხება.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და მოქმედი კანონმდებლობით 500 ლარით ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.

173-ე მუხლი, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს და მასზე დღეს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.

ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი პირი 3 500-დან 4 500 ლარამდე დაჯარიმდება.

ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.