ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა - მამუკა მდინარაძე ომბუდსმენობის კანდიდატების არჩევაზე
,,ოცნება" არ აპირებს, მხარი დაუჭიროს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატებს, რადგან ისინი პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ სწორედ ამ გარემოების გამო გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, ოპოზიციასთან კონსულტაციები დარჩენილი 5 კანდიდატის გარშემო აწარმოოს.
ჩვენ ყველანი ერთად, ოპოზიციასთან ერთად, გამორიცხვის მეთოდით, შევჯერდით 8 კანდიდატზე, საიდანაც 3 მათგანს უფიქსირდება მოცემულობა- პოლიტიკური მიკერძოება. დარჩა 5 კანდიდატი. ხოლო საქმის იმგვარად შემოტრიალება, რომ ესენი არიან თითქოს ჩვენი კანდიდატები, არის სპეკულაცია.
რეალურად, ჩვენ გამორიცხვის მეთოდით დავტოვეთ 5 კანდიდატი. ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. რადგან მათ არ სურთ ამ რეალობაზე მორგება, ახალ, ცრუ ნარატივებს ქმნიან.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სახალხო დამცველის კანდიდატურის გარშემო დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შედის, 3 დღეში გაირკვევა, ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი ომბუდსმენი.