ზელენსკის პირველი საჯარო მხარდაჭერა სააკაშვილს - უკრაინის მოთხოვნას პრემიერი და პრეზიდენტი დუმილით ხვდებიან
ვოლოდიმერ ზელენსკის პირველი საჯარო მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს. ომში მყოფი ქვეყნის მეთაური საქართველოს პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ სრულად არის ინფორმირებული და ფიქრობს, რომ "ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა". ზელენსკის მიმართვის პირდაპირი ადრესატი საქართველოს მთავრობაა. უკრაინის პრეზიდენტი "ოცნებას" მოუწოდებს, დაუყონებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
პრემიერი და პრეზიდენტი დუმს, არადა მსოფლიო ლიდერის მიმართვა სწორედ მათ ეხებოდათ.
უკრაინის პირველი პირისთვის პასუხის გაცემა საკუთარ თავზე მამუკა მდინარაძემ აიღო, რომელმაც ზელენსკი დიდი შეთქმულების მონაწილედ გამოაცხადა. ოფიციალური კიევის პასუხმაც არ დააყოვნა. "შეუძლებელია იმის ყურება, როგორ ნადგურდება საქართველოს ისტორია და როგორ კლავენ მის პრეზიდენტს ცივილიზებული სამყაროს წინაშე -" წერს მიხაილო პოდოლიაკი. სულ ცოტა ხნის წინ კი უკრაინის ვიცე პრემიერის განცხადებაც გავრცელდა.
მიხაილო ფედოროვი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
ურაინელი მაღალჩინოსანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება "საკმარის ადამიანობას გამოიჩენს".