კარტოგრაფების საქმეს აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი - ომბუდსმენი

05.03.21 12:35
კარტოგრაფების საქმეს აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი - ომბუდსმენი

კარტოგრაფების საქმეს აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი - ეს დასკვნა სახალხო დამცველმა გააკეთა და ეს ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად შეაფასა. 

კარტოგრაფების საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენმა მოსამართლეს "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა. 

მოსაზრებაში სახალხო დამცველის აპარატი 2 ძირირითად საკიტხზე ამახვილებს ყურადღებას, რამდენად შესაბამისია წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები) და არის თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას. 

როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა, - წერია ომბუდსმენის დასკვნაში.

 

2020 წლის 7 ოქტომბერს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

კარტოგრაფები 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.