„ბირჟა მაფიის“ საქმე - გიორგი ქებურიამ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

23.12.22 23:18
„ბირჟა მაფიის“ საქმე - გიორგი ქებურიამ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

„ბირჟა მაფიის“ საქმეზე გიორგი ქებურიას 4 წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ცნობით, საერთო სასამართლოებში დავის ფარგლებში ქებურია საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.

პროკურატურას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ, უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა“,  - ამბობენ GDI- ში.

გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს და 4 დღის განმავლობაში პატიმრბაში ჰყავდათ. გამოძიება მას ნარკო დანაშაულს ედავებოდა. ქებურიას წინააღმდეგ სისხლის სამართებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს თავად პრკურატურის ინიციატივით შეწყდა მიზეზი დანაშაულის ნიშნების არ არსებობა გახდა.